ხმალი გალესე, ძმობილო, მტერი გადმოდგა მთაზედა; აგვიოხრებენ ქვეყანას, დაგვეცემიან თავზედა; გალესე, ისე გალესე, პირს იკიდებდეს თმაზედა; მადლია, კიდევ ეღირსოს გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა, ჯერ თუ არ გაუღვიძნია, ისევ თუ სძინავს მკლავზედა!
იას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდა, ჰკრთებოდა, მზის სხივს ელოდა მაღლითა; შეჰფოფინებდა სამყაროს გაშტერებულის თვალითა, მზის სხივი აკლდა, ელოდა, მზე აღარ ამოდიოდა, ჩიქილად მისი სხივები თავზე არ ეფინებოდა.
სოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს, ეს მიტომ დადვა წესადა; სიკვდილი გაუჩენია მას თავის გასაკვებადა. იმიტომა სძულს უძულური, ვით ტანსაცმელი ძველია: რომ უყვარს ნორჩი, ახალი, მით დაიმშვენოს წელია.